ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.
მთავრობის ამდინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ენერგეტიკულ სფეროებში თანამშორმლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომ განვითარებას.
თურქმენულმა მხარემ სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი გამოთქვა.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

