მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის საზეიმო ცერემონიალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტების მეუღლეებიც  დაესწრნენ.
პირისპირ შეხვედრის დროს, პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. მათ საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, სადაც სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.

“ჩვენ ვართ პატარა ერები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო საკუთარ რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, სადაც საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ხანგრძლივი ტრადიცია დაძლიონ ძალადობა მშვიდობით და საერთო ღირებულებებით.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების, მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის ნორმების მტკიცე დაცვით. გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის.
“ეს კავშირები მნიშვნელოვანია, ყველასთვის, ვინც ფიქრობს სასარგებლო პროექტების განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მომავალზე და არა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს ხელისუფლების მიზანია, გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და უკვე არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დელეგაციების შეხვედრის პარალელურად, ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას ყავაზე უმასპინძლა.

იტვირთბა....