ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები სასამართლოს ეზოში  შეიკრიბნენ, სადაც მოსარჩელე ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიას შორის დავის საკითხი იხილება. არხის მხარდამჭერთა შორის პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლებიც არიან. უშუალოდ სასამართლო პროცესს პოლიტიკოსები, ალექსი პეტრიაშვილი, მანანა ნაჭყებია და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან. რუსთავი 2-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარე დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.  მისივე თქმით, მოპასუხე მხარე პროცესის გადადებასაც მოითხოვს, რადგან მოსარჩელე მხარე აპირებს წარმოადგინოს ახალი ექსპერტიზის შედეგები, რომლის პასუხები, ბიბილაშვილის თქმით, მოპასუხე მხარეს მხოლოდ 7 ოქტომბერს ჩაბარდა და ის გადასამოწმებელია.

“რაც შეეხება უშუალოდ პროცესის ვადებს და ხანგრძლივობას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე იხილება, სადაც რუსთავი 2 არის მოპასუხე მხარე. მიმდინარე წლის მარტის თვეშია ეს საქმე შეტანილი და ჯერ მოსამზადებელი სხდომაც კი არ დანიშნულა. ამ შემთხვევაში მოსამართლე ურთმელიძეს აქვს ხელისუფლების მითითება, დღესვე დაამთავროს ეს სხდომა, რაც ერთი მხრივ უპერეცედენტო იქნება და მეორე მხრივ, ეს არის დასტური, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა”, – ამბობს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.

პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საფუძველი არ არსებობს.

“ის რაც ბოლო პერიოდში სასამართლოსთან და ურთმელიძესთან დაკავშირებით ხდება, ცალსახა ზეწოლაა მედია საშუალების მხრიდან. ეს არის დაუშვებელი. ძალიან მიკვირს რომ ამაზე რეაგირება არ ხდება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მოსამართლის დედის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს სასამართლოზე”, – ამბობს სალია.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, წილის დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელი აგვისტოს დასაწყისში შეიტანა.

იტვირთბა....