ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი – მიშო იაკობიძე გამოიკითხა.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, მან ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

„ორშაბათს, როდესაც თამუნას დაკარგვის შესახებ შევიტყვე, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდება. სოციალური ქსელებით შევიტყვე და შესაბამისად, იმ მიმართულებით გავემართე. საეჭვო ვერაფერი ვნახე, იმავე დღეს უკან დავბრუნდი, მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვნახე საეჭვო“, – განაცხადა მან.

მიშო იაკობიძემ ბაჩანა ლობჟანიძის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს და აღნიშნა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მისი უნივერსიტეტელი იყო.

„მანაც 2015 წელს ჩააბარა და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“,- განაცხადა მიშო იაკობიძემ.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილსა და მას შორის არსებულ ბოლო კომუნიკაციას, როგორც იაკობიძე აღნიშნავს,

„თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა 12 ივლისს, მადლობა გადავუხადე, მოვიკითხე და მეტი არაფერი“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე სჯერა თუ არა თვითმკვლელობის ვერსიის, მიშო იაკობიძე ამბობს, რომ ვერსიებზე ვერ ისაუბრებს.

„დაველოდოთ გამოძიებას“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....