საპარლამენტო არჩევნებში რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობის” 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე ცნობილია.
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში იყრის კენჭს, რუსთავში კი დავით კირკიტაძე. გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორმულას” პარტიის პრესსამსახურში მიაწოდეს.
“ნაციონალური მოძრაობა” 22-ვე რეგიონში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.