ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა” – ბაჩალიაშვილის 2012 წლის ფსიქოლოგიური დასკვნა

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, “TV იმედმა” გაავრცელა დოკუმენტი, სადაც აღწერილია გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15 წლის ასაკში.

დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძეს ეკუთვნის და ის 2012 წელს არის შედგენილი.

როგორც ექიმი აღწერს, ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული.

“ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა – მომბეზრდა ყველაფერი. 5.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“, – ნათქვამია ექიმის 2012 წლის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....