ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ იმას, 2013 წელს რუსთავში იყო თუ არა ნაწარმოები ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი – ამის შესახებ, რუსთავის “აზოტის” დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ “ინფო რუსთავთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქარხნის ოპერირებას სს “რუსთავის აზოტი” მხოლოდ 2017 წლიდან ახორციელებს, ამიტომაც, 2013 წელს ნაწარმოები ნივთიერების შესახებ, მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
“2013 წლის წარმოებაზეა საუბარი და მაშინ შპს “რუსთავის აზოტი” ოპერირებდა ქარხანას და მე ახლა, როგორც სააქციო საზოგადოების წარმომადგენელი, ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ იმას, 2013 წელს რუსთავში იყო თუ არა ნაწარმოები ეგ ნივთიერება. შეიძლება, მართლაც რუსთავში იყო ნაწარმოები, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სააქციო საზოგადოების ნაწარმოები არ არის, რადგან 2017 წლიდან მართავს ქარხანას”, – აცხადებს ლევან ბურდილაძე.
რაც შეეხება კითხვას, რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება – ბურდილაძე პასუხობს, რომ შესაძლოა, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გამოეწვია.
“2013 წლიდან ინახებოდა პორტში ამონიუმის გვარჯილა. 7 წელი, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. ამონიუმის გვარჯილა 6 თვის შემდეგ თავის თვისებებს კარგავს და უვარგისი ხდება. ამდენი წელი რატომ ინახავდნენ ეს გაუგებარია. მათი პრემიერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების ყოველგვარი დაცვის გარეშე ხდებოდა ტვირთის შენახვა. ამ წლების განმავლობაში, ფიზიკური მოვლენების ზემოქმედების გამო, ამონიუმის გვარჯილა დაიშალა და მტვრად იქცა. რაც ყველაზე საშინელებაა, თურმე იქვე პიროტექნიკის წარმოება ხდებოდა. პრემიერის განცხადებით, პიროტექნიკის საწყობში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, გაჩნდა ცეცხლი და წარმოიდგინეთ, იქვე იყო გვარჯილა დასაწყობებული. ეს იგივეა, რომ ნავთობის სათავსოს თავზე ცეცხლი დაანთოს ადამიანმა”, – განაცხადა ლევან ბურდილაძემ.