სვანეთში დაკარგულ მოზარდს ჯერ კიდევ ეძებენ. 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო-საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის მესტიის ტყეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ “მეტრონომს” ადგილობრივმა განუცხადა.
“მეტრონომი” მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზაურ ჩართოლანს დაუკავშირდა. მისი თქმით, 13 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები ამ მომენტშიც აქტიურად მიმდინარეობს. ჩართოლანის განცხადებით, რაიმე დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
“მთელი ძალისმიერი სტრუქტურები ჩართულები არიან 13 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოებში. რამე სიახლე რომ იყოს, მაშინვე გავრცელდება. სამწუხაროდ დამატებით, არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია” – განაცხადა ჩართოლანმა “მეტრონომთან.”
ადგილობრივები ჩვენთან პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ილია ფილფანი გაუჩინარდა, წლების წინ, 13 წლის მოზარდის ბაბუა გაუჩინარდა. დიდი ხნის წინ სახლიდან გასული უფროსი ფილფანი, უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილობრივები “მეტრონომთან” ყვებიან, რომ ილია ფილფანის ბაბუა იმ დღიდან არც ცოცხალი და არც დაღუპული არავის უნახავს. დღემდე მისი ცხედარიც კი არ არის ნაპოვნი და თავის დროზე ვერც რაიმე კვალი ყოფილა აღმოჩენილი. “ადგილი, სადაც ილია ფილფანი გაუჩინარდა, წლების წინ მისი ბაბუა დაიკარგა და დღემდე არ არის ნაპოვნი” – გვითხრეს ადგილობრივებმა.
“მეტრონომი” იმედს იტოვებს, რომ ილია ფილფანი ჯანმრთელადაა, მისი პოვნა მალე მოხერხდება და ის დაუბრუნდება ოჯახს.
ცნობისათვის, მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
თამარ შუკვანი