გოკა გაბაშვილს უმრავლესობამ „იმედის“ დარბევა შეახსენა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა 2007 წელს სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლას და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცდომა და “დიდი სისულელე” უწოდა.
“თუ ვლაპარაკობთ მედიაზე, ვლაპარაკობთ თავისი წარსულით, თავის დღევანდელობით და მომავლით და მე ნამდვილად არ ვაპირებ თავის მოტყუებას, რომ მოდით, ვკონცენტრირდეთ მარტო იმაზე, რაც ახლა ხდება და ყველაფერი დანარჩენი დავივიწყოთ. არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რისთვის ვართ აქ – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აქ ვართ იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ იაროს და არა უკან და არა იგივე და კიდევ უარესი შეცდომები გაიმეოროს. მთავარი კრიტიკული ტელევიზიის განადგურება არის კრიტიკული ხაზი, რომელზეც არავინ თვალს არ დაიბრმავებს. ბატონი გაჩეჩილაძე მეკითხებოდა, არის თუ არა “რუსთავი 2” თქვენი ტელევიზიაო? – არა ბატონო, არ არის, მაგრამ პატრიული ტელევიზიაც რომ იყოს, მისი განადგურების უფლება არ გაქვთ. ძალიან კარგად იცით, რომ “რუსთავი 2” უყვარს ბევრად მეტ ადამიანს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთად აღებული. ჩვენს შეცდომებზე გელაპარაკოთ? ძალიან კარგად მახსოვს ეს შეცდომები. ძალიან დიდი სისულელე იყო, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა ამისა არ ყოფილა სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლა, როცა იძულებულები ვიყავით, საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა და მართლაც “სპეცნაზით” შევსულიყავით კი, ოლიგარქის ტელევიზიაში, ტელევიზიაში, რომელზეც ბადრი პატარკაციშვილი ღიად ამბობდა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოვიყენებო, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებთ და ვერ დავაბრალებდით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ძალიან უხაროდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ეს ასე არ იყო, მაგრამ ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც, ადამ მიხნიკის კომისიაც კარგად მახოსვს, ეუთო-ს მომხსენებლებისაც და ელჩების წინასწარი შეფასებები, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შესვლა წითელი ხაზია. თქვენ რა, გგონიათ ამას შენიღბავთ და ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? მართლა ხომ არ გგონიათ 20/30-ით უყურებს ეს სამყარო მოვლენებს?”, – მიმართა გაბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.
გაბაშვილის თქმით, ხელისუფლების ამოცანა ნიკა გვარამიასთვის სამაგიეროს გადახდა კი არა, ქვეყნის წინსვლა უნდა იყოს. “ჩემგან რას ელოდებით გითხრათ, რომ 2007 წელს რაც მოხდა, მომეწონა-თქო? არ არის ასე. პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ ამაში, საოცარი რეიტინგის ვარდნა და ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა ამის გამო და მეორედ ეს შეცდომა კი არ გავიმეორეთ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძლიერი ოლიგარქი გვებრძოდა, ქვეყანა უკან კი არ დავხიეთ, “მასთ ქერის” და “მასთ ოფერის” კანონები მივიღეთ. თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა “აბაროტის” აღება ნიკა გვარამიაზე”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
ეს განცხადება გაბაშვილმა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული განცხადების პროექტის განხილვისას გააკეთა, რომელშიც მთავარი აქცენტები ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და “იმედზე” პოლიტიკური გადაცემების დახურვის ფაქტებზეა გაკეთებული, ასევე ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
განცხადების პროექტში ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლება საფრთხის წინაშე აყენებს მედია პლურალიზმს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენები ეჭვქვეშ აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებასა და მის ლეგიტიმურობას.