2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მინდა ჩემს უბნელებს, მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო თანადგომა. მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რაც თბილისში მოხდა 2014 წელს, როდესაც საბურთალოელებმა, როგორც დამოუკიდბელ კანდიდატს და პოლიტიკოსს, დამიჭირეს მხარი.
დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია „მოქალაქეების“ სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ 2014 წლის შედეგს და ვაჩვენებთ საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა. ამავე ოლქში იყრის კენჭს ბადი ჯაფარიძე „ლელოდან“ და თაკო ჩარკვიანი პარტიიდან „კანონი და სამართალი“.