პოლიტიკური გუნდის “მოქალაქეები” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის გუნდში პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანები არიან შეკრებილი. ამჯს შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს გვქონდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის “მოქალაქეების“ პრეზენტაცია, ჩემს მშობლიურ ეზოში.
პრიორიტეტებს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური და პატიოსანი ხალხია შეკრებილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი და ამ საშუალებამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ამ ქვეყანაში ღირსეულად ვიცხოვროთ. განათლება -ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რისთვისაც ვიბრძოლებთ.
რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, დიახ, მე შევდივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან, რთულ ბრძოლაში. გადავწყვიტე, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის “მოქალაქეების” სახელით დავდგე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მე მაქვს ჩემი უბნელების, ჩემი საბურთალოელების მხარდაჭერის იმედი. მე ამ მხარდაჭერას ვგრძნობ. თავს არ დავზოგავ, რომ გავიმარჯვოთ” , – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მათ კონსულტაციები ხალხთან აქვთ და არა პოლიტიკურ პარტიებთან.
“სხვა ოლქებს რაც შეეხება, თბილისში ვფიქრობთ, თუ სად შეიძლება, კანდიდატურა დავაყენოთ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება”, – განაცხადა ელისაშვილმა.