იმ შემთხვევაში თუკი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, თეონა თამაზაშვილი შიმშილობას დაიწყებს. ამის შესახებ 23 წლის ახალგაზრდა ქალის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პირადად შეხვედრა.
„რადგან საქართველოს მთავრობა უძლურია ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას მოვითხოვ. ასევე მოვითხოვ კელი დეგნანთან შეხვედრას, რომ ამერიკელმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი შვილის მკვლელობის ამბავი და გვერდში დამიდგნენ, რადგან მაღალჩინოსნები არიან მკვლელები და მე სამართალს ვერასდროს მივაღწევ. ამერიკელო ხალხო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ უარი არ თქვას FBI-ის ჩართულობაზე. მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც შვილები ჰყავს. გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ. სამართალს ვერ მივაღწიე.
თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება, პირადად ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია ოფიციალურად წერილი და თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, პირადად დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ” – განაცხადა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.