დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, როდესაც თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებული არ არის ეკლესია კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე სანუგეშო გადაწყვეტილებას იღებს. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაღმაიძის განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს მეუფე შიოს შეხვდა, მათ სურვილი გამოთქვეს, რომ წესის აგებასთან დაკავშირებით პატრიარქს „სანუგეშო გადაწყვეტილება“ მიეღო.
„დღეს იყო მოსული ოჯახი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს ამ ძალიან მძიმე განსაცდელში. ოჯახი იყო მოსული, გარემოებები მოგვიყვა. შეხვედრა იყო მეუფე შიოსთან და მათი სურვილი იყო, წესის აგების საკითხზე პატრიარქს მათთვის სანუგეშო გადაწყვეტილება მიეღო. პატრიარქმა ნება დართო წესის აგებისთვის და ეს მათთვის ნუგეშია. ღმერთმა აცხოვნოს, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ასე ტრაგიკულად წავიდა.
ზოგადად, როცა დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და იქ მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას მისი სულისათვის, მისი ოჯახისათვის. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, ვერავინ ერთმნიშვნელოვნად ამაზე ვერ დადებს თავს, ამიტომ ასეთ ვითარებაში ეკლესია რა გადაწყვეტილებასაც იღებს, სწორედ მისი შესაბამისი ნებართვა გასცა პატრიარქმაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა.