ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი დაჭრილია და კლინიკაში იმყოფება. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მსუბუქადაა დაჭრილი. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.
ლევან თოფაძე, რომელიც დღეს დილით გამთენიისას, ბუსა ჟვანიამ დაჭრა, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურადაა.
შსს-ის განცხადებით, ბუსა ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.