პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 25 -31 ივლისს დასავლეთ საქართველოში რეგიონული ტურნე გაიმართა. რეგიონში არსებული მოცემულობა შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ.
„დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. მოვიარე მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ქუთაისი, სამტრედია და ლანჩხუთი. მაქვს უშუალო შეხვედრები და უშუალო ურთიერთობები ადამიანებთან. მოსახლეობა ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ გაუსაძლის მდგომარებაზე, რომელშიც იმყოფება. საუბრობენ უნდობლობაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ. ქვეყანას უჭირს, არის საყოველთაო სიღატაკე: ოჯახების უმეტესობა, პრაქტიკულად, არის იმის მოლოდინში, თუ რას ჩაურიცხავენ მათ საზღვარგარეთ იძულებით წასული ოჯახის წევრები; მოხუცები რეგიონში არინ მარტო დარჩენილები;
ახალგაზრდებს კი არ აქვთ სამუშაო პირობები და ამ მოცემულობაში, არც მომავლის პერსპექტივა. საზოგადობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოგიკურია, „ქართულ ოცნებას“ არაფერი ხელშესახები არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ჩნდებოდნენ არჩევნების წინ, იძლეოდნენ ფუჭ დაპირებებს და შემდეგ, არჩევნებამდე ქრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ნდობა არის დაბალი ან საერთოდ გამქრალი. ქვეყანაში უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის სიტყვას არ აქვს ფასი. ტყუილი საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.