ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ეს ის ვაკე აღარ არის” – უგულავა განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე

“კაფეები უფრო მოიმატებს, მაღაზიები შემცირდება. განიერი ტროტუარია და გარე კაფეებიც იქნება და მეტი ფეხმავალიც იქნება. ბუნებრივად წავა მაქეთ რაც ცუდი არა”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებულ სამუშაოებს.

როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ვაკე აღარ არის და აღარასდროს იქნება ის, რაც იყო.

“ქალაქი გადალაგდება მტკივნეულად, სხვა გზა არ იქნება. ჭავჭავაძეზე თუ საქმე არ გაქვს არც გაიხედავ. მტკივნეული პროცესი იქნება ძალიან. უბნის მთელი ქსოვილი დაირღვა. ფალიაშვილი შებრუნდა, ყველა მკვეთი ქუჩა შებრუნდა, ჭავაჭავაძიდან მარცხნივ ვერსად აუხვევ, ვაკის პარკის იქით უნდა მობრუნდე.

არ ვიცი რამდენად იფიქრეს, თუ იფიქრეს ძალიან თამამად გადაწყვიტეს, სინამდვილეში იფაციფუცეს, გზა და გზა მადა მოვიდა ჭამაში, რადგან ერთი დიდი უბნის 75 წლიანი ქსოვილი, რომელმაც ეპოქების ცვლილებას გაუძლო, ასე მასშტაბურად და ნაუცფათევად არასდროს შეცვლილა. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ასე მარტივადაც არ მიიღებს ცხადია ამას იქ მცხოვრებნი და ასევე მთლიანი საშუალო კლასი, ვინც იქ საქმიანობს. მაგრამ ფაქტია, ასე მარტივად – ეს ის ვაკე აღარ არის – აღარსდროს იქნება”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა ავტომანქანები გამზირზე ვერ ახერხებენ, რომ ერთმანეთს გვერდი აუარონ, მათ გადასაადგილებლად მხოლოდ ერთი ზოლი აქვთ, გამზირის ცენტრალური ნაწილი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას ეთმობა.

იტვირთბა....