“გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით.
პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს – არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსნებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს.