თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს – პროტესტის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
“თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ გვექნება სიტყვით გამოსვლები. მანქანა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვით გამოსვლები მარშის პარალელურად იყოს. უკვე ოლიგარქის სასახლესთან (ვნახოთ, სადამდე მიგვიშვებს პოლიცია) იქნება პერფორმანსი, წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს და ოლიგარქს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წავიდეს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის” – განაცხადა ბაია პატარაიამ.