თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
„დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება. ყველა კითხვა დავუსვით. ასეთი რამ გვითხრეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში კითხვებს გასცენ პასუხი.
ჯერ არაფერი დადგენილი არ არის, ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს მათთან საქმის მასალები. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება საქმის მასალები გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ ამაზე პასუხი არ არის.
ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი ქმედების განხორციელება დაიწყება, როგორ შეიძლება ნდობა-არ ნდობაზე ვილაპარაკო, როცა დღეს გადაეცათ საქმის მასალები, დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. გაცნობითი ხასიათი ჰქონდა შეხვედრას, რადგან დღეს გადაეცა საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას, სამხარეოდან საქმის მასალები დღეს მოიტანეს, გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობას შეგვიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი და არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც აქამდე მიწევდა ყოფნა. მათ გავახსენე, როგორი მოლაპარაკება იყო კომპიუტერთან, შევახსენე, რომ ანალოგიური არ განხორციელდეს მანქანასთან დაკავშირებითაც, რადგან ამას აუცილებლად მძაფრი რეაქცია მოჰყვება. შევახსენე, გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს, არ მოხდეს არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ისე, რომ მე საქმის კურსში არ ვიყო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.