ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული განცხადებებისა და წერილების ახალი სერია დაიწყო. კრიტიკის ობიექტი დღესაც “ქართული ოცნებაა,” რომლის საქმიანობას საქართველოში რეგრესად აფასებენ. კონგრესმენების გარკვეული ნაწილის განცხადებით, განვლილი ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანამ, განვითარების კუთხით, უკან წაიწია. ამასთან ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსთან გაგზავნილ წერილში, რომელიც 30 ივლისს გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ეს კრიტიკა ყურადსაღებია. თანაც, ეს ქვეყნის მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ ნამდვილად წამგებიანია. მსგავსი განცხადებები უშულოდ “ქართულ ოცნებაზე” აისახება, რაც საბოლოოდ შესაძლოა კიდევაც, მმართველი გუნდის მარცხით დასრულდეს.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილე გიორგი რურუა 30 ივლისს პატიმრობაში დატოვეს და მას 4 წელი მიუსაჯეს.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთის მხრიდან კრიტიკა გაძლიერდება, ეს “ოცნების” რეიტინგზე ნეგატიურ ასახვას იქონიებს. რაც შეეხება უშუალოდ რურუას ფაქტორს, გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი გამოშვება-არ გამოშვების საკითხი წინასაარჩევნოდ გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა, ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “მეტრონომთან” აცხადებს, კონგრესმენების კრიტიკული დამოკიდებულება და მსგავსი ხისტი განცხადებები წინასაარჩევნო “ქართული ოცნებისთვის” უარყოფით გავლენას აუცილებლად იქონიებს.
“კონგრესმენების წერილების სერია არც ახალი და არც მოულოდნელი არ ყოფილა, ივანიშვილის “ოლიგარქობას” თუ არ ჩავთვლით. დიდი ხანია საუბარი მიდის რურუას გათავისუფლებაზე. რურუა ციხეში იქნება თუ გარეთ, დიდად ეს პოლიტიკურ პროცესებს და ვითარებას არ შეცვლის. მოულოდნელიც კი არის, რომ “ქართული ოცნება” არ ცდილობს მის გამოშვებას. იმედია, ეს მაინც გადაწყდება აგვისტოში.
თუ დასავლეთიდან იქნება უფრო მკაფიო და მკვეთრი განცხადებები, ამან შეიძლება იმოქმედოს არჩევნებზე” – განაცხადა ძაბირაძემ “მეტრონომთან.”
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამერიკელების კრიტიკული დამოკიდებულება, თავად ამერიკის მიმართ გაზრდის უკმაყოფილებას და არა ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებამ “ქართული ოცნების” მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაზარდა, შესაბამისად, გიორგი რურუას შეწყალება, კიდევ ერთი შეცდომა იქნება.
“საზოგადოების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, როგორც ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების მხრივ, ასევე ამერიკელების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისითაც. ამერიკელების გავლენით საზოგადოების დამოკიდებულება, ასე მარტივად არ შეიცვლება, რადგან, როდესაც საზოგადოების დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო, ამერიკელების დამოკიდებულება დადებითი გახლდათ, თუმცა, ამან ვერ იქონია გავლენა ამ კრიტიკულობაზე. ამ შეფასებებმა, რაც ბოლო პერიოდში გახშირებულია, ალბათ უფრო ცუდად იმოქმედებს ამერიკელების მიმართ დამოკიდებულებაზე და არა ხელისუფლების მიმართ.
როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა წინა ორი პოლიტიკური ფიგურა, “ოცნების” მხარდამჭერებში გაჩნდა უკმაყოფილება. შესაბამისად, არ შეწყალება ადამიანისა, რომელსაც ქართულმა სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, “ოცნების” მომხრეებში დადებითად აღიქმება. მესამე “შემთხვევაც” რომ შეიწყალონ, “ოცნებას” დააკლებს მომხრებს” – განუცხადა “მეტრონომს” რამაზ საყვარელიძემ.
თამარ შუკვანი