დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ის მისი შვილის სიკვდილს უშუალოდ სამსახურს არ უკავშირებს. მისი თქმით, სანამ თამუნას ეძებდა ოჯახი, მას კომპანიის დირექტორი დაუკავშირდა და სთხოვა ამ ამბავში ტელევიზია ჩაერთო.
„მე არავინ არ მიკავშირდება და არ მამცნობს გამოძიება რა მიმდინარეობით მიდის. არ ვიცი, რა ვიფიქრო უკვე, სრულიად განადგურებული ვარ და სრულიად ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა, ჩემი პატარა გოგო, რომელიც უწყინარი იყო და არავის არაფერს უშავებდა, ასე უღვთოდ მოეკლათ? მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, თამუნას უყვარდა სიცოცხლე. ამბიციური ბავშვი იყო და დიდი მიზნები ჰქონდა. არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, ვერსიასაც კი არ მეუბნებიან, რა ვერსია შეიძლება იყოს. სრულ ვაკუუმში ვარ. 21-ე საუკუნეში, ამდენი ხანი გავიდა და როგორ შეიძლება რამდენიმე ვერსიაზე მაინც არ მუშაობდეს პოლიცია. რატომ არ მიკავშირდებიან და არ მაყენებენ საქმის კურსში, ვერ ვიგებ, არ ვიცი. ვის სჭირდება ეს?
მე არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში ხდებოდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი იყო, რომ ვფიქრობ, მან ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე და ამიტომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. არ ვუკავშირებ უშუალოდ მის სამსახურს. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა.
სანამ თამუნას ვეძებდით, მე უშუალოდ მისი უფროსი დამიკავშირდა, მარტო სახელი ვიცი, ეგეც თამუნასგან, რომ თამუკა ჰქვია და თვითონ მთხოვა ამ ამბავში ტელევიზია ჩამერთო და ტელეფონის ნომერიც კი გამომიგზავნა“, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.