შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის “მოტაცებისა” და გაუპატიურების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. მასთან ერთად თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა”, – აღნიშნავენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებითა და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთასა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.