რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.
„ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.