პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის “ჟივილ- ხივილი” გაუგებარია. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საკითხები, რომელიც განიხილეს, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ არჩევნებს ეხება და საერთოდ, გაუგებარია ჟივილ-ხივილი გაერთიანებული ოპოზიციის ბანაკში იმასთან დაკავშირებით, თუკი სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მას აინტერესებს და არა მხოლოდ აშშ-ს, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტით.
ჩვენც რასაკვირველია, გვაინტერესებს რომ ასე მოხდეს და ვფიქრობ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ ისეთი გარემო შექმნან, როცა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით აშშ- ის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ რაღაცა გაუგებრობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, არ შევიდეს შეცდომაში, აშშ არის ჩვენი მოკავშირე, საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა ჩვენი ურთიერთობებისა, ყველა სფეროში, ეს შენარჩუნებული იქნება,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მას და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.