სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა აცხადებს, რომ ილია ფილფანი შესაძლოა თბილისში იყოს. ქსენია ფილფანის თქმით, თბილისში მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ. ამის შესახებ იგი “დროებასთან” საუბრობს.
“თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში ან ქობულეთში იყოს, თუმცა შესაძლოა ვცდები” – განაცხადა ქსენია ფილფანმა.
მისი თქმით, მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს სამეზობლოში მეგობრები არ ჰყავს, რადგან არ იცის ქართული.
“მრავალი ვერსია ისმის. არ ვიცი, რომელია სწორი. არის ვერსია, რომ ის სახლიდან გაიქცა. ამას მეც ვუშვებ, რადგან ყველაფერია შესაძლებელი. ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა და ყველაფერია შესაძლებელი. ის მარტო დარჩა მამასთან და ბებოსთან ერთად დიდი ხნით. მას არ ჰყავს მეგობრები სამეზობლოში, რადგან ქართული არ იცის. ერთადერთი მეგობარი არის მამიდაშვილი, რომელიც არდადეგებზე თბილისიდან ჩამოვიდა. ვუყიდეთ ველოსიპედი და თითქოს უკეთ იყო, ვიდრე ზამთარში” – აღნიშნა სვანეთში დაკარგული ბავშვის დედამ.
13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-9 დღეა ეძებენ. იგი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.
მას, სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.