სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, შვილს მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს. ის დუბაიდან 25 ივლისს დაბრუნდა და ახლა კარანტინშია. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ „დროებას“ მისცა.
დედა თავის მიმართვაში ამბობს, რომ შვილი ძალიან უყვარს და მის წასაყვანად ჩამოვიდა საქართველოში.
“ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი” – განაცხადა ქსენია ფილფანმა “დროების” ეთერში.
13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-9 დღეა ეძებენ. იგი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.
მას, სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.