ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება”

‘უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება, მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება’, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილია ნასიძემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამა ილიამ ცოდვებს მიტევების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევება და სიმდაბლე სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხებული ხარ.

„მოყვასს რომ ჩვენს მიმართ ჩადენილი ცოდვები მივუტევოთ, ეს საკუთრივ ჩვენი საჭიროებაა. მოყვასის ცოდვების მიტევება იმას ნიშნავს, რომ ღვთის სულმა დაიმკვიდრა ჩვენში, მეუფეებს ჩვენზე და წარმართავს ჩვენს ნებელობას. მოყვასზე ძვირის თქმა, მოყვასის შეურაცხყოფა განკითხვა დაფუძნებულია სიამაყეზე, რომელიც ღვთისგან რჩეულ ადამიანებშიც კი ბუდობს. თავმდაბლობა ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლის მძლავრი იარაღია.

თუმცა, მიტევება არ არის ადვილი. ადამიანი შეიძლება იყოს ეკლესიის წევრი, მაგრამ იგი თუ არ ებრძვის ვნებას, მაშინ მისი სულიერი მდგომარეობა ვერცერთი საფეხურით წინ ვერ წაიწევს. მიტევება და სიმდაბლე სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხებული ხარ. პირიქით, მიმტევებელი ადამიანი საკუთარ ქედმაღლობაზეც იმარჯვებს და იმ ადამიანსაც სწორ გზას უჩვენებს, ვისაც შეუნდობს და აპატიებს, ამავდროულად სულის ცხონებასაც მოიხვეჭს.

მათეს სახარებიდან სიტყვები „მარჯვენა ლოყაზე რომ შემოგარტყამენ, მეორე ლოყაც მიუშვირეო“ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მივიღოთ. ეს ფიზიკურ ტკივილს არ ნიშნავს, მაცხოვარი იმას გვეუბნება, რომ შეურაცხყოფის, წყენის, უთანხმოების და ჩხუბის შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დაუსრულებელ შურისძიებას გასაქანი არ მისცე“, – განაცხადა მამა ილია ნასიძემ.

 

იტვირთბა....