ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული” – ლია მუხაშავრია

უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელი დირექტორის, ლია მუხაშავრიას განცხადებით, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებმა გამოძიების ღრმად არსებული პრობლემები ცხადყო.

„გამოძიება გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად, ხოლო დანარჩენ მათ საქმიანობაზე ყოველგვარი კონტროლი მოიშალა, მათ შორის უმთავრესი კონტროლი, რომელსაც მართლმსაჯულება უნდა ახორციელებდეს. დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, ბუნებრივია, გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ის პროფესიული უნარები, რომლის გარეშე ეფექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ამის ნება და სახელისუფლებო დაკვეთაც კი არსებობს.

ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

მუხაშავრიას თქმითვე, იგი დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები სათანადოდ გამოძიებული არ იქნება.

„ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას.

გამოძიების ყველა რგოლი, სისტემა მთლიანად არის, როგორც დღეს ტრენდულია, შეიძლება ითქვას, უკურნებელი ვირუსით დაავადებული და მისი გაჯანსაღება ან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან შეუძლებელია, როგორც კორონავირუსის შემთხვევაშია“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის, იგი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

იტვირთბა....