ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის რწმუნებული “ამბები.გე”-სთან უდასტურებს.

„გუშინ გარდაბნის რაიონში, სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალბატონს მართლაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისგანაც შემდგომ მისი მეუღლე და ასევე მისი ძმა და რძალი დაინფიცირდნენ. სოფელში ჯერჯერობით ეს ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. არ ვიცი, მას კიდევ რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ან ვინ იყო პირველწყარო. ეს ქალბატონი რუსთავის აგრარულ ბაზარში მუშაობდა და არ არის გამორიცხული, სხვა დაინფიცირებულებიც გამოჩნდნენ. დღეს ტესტირება კეთდება სოფელში და დანარჩენი ტესტირების შემდეგ გამოჩნდება“ – განუცხადა სოფლის რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა.

ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. როგორც ცნობილია, 24 ივლისს კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 8 ლილოს ბაზრობის წყაროა. 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება.

24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ კორონავირუსის ინფიცირებულია – 1104 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია – 912; გარდაცვლილია – 16; კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 936: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

იტვირთბა....