ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საგრძნობლად იმატა, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ, ასევე მძიმე პაციენტის რაოდენობამაც. ამის შესახებ “ქრონიკასთან” განაცხადა.
„ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა პაციენტების რაოდენობამ, იმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც. გვყავს რამდენიმე მძიმე, საყურადღებო, ჟანგბადზე დამოკიდებული და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. ასევე გვყავს მსუბუქი პაციენტებიც. არიან ბავშებიც, რომელთა ზოგადი მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. როგორც ცნობილია, 24 ივლისს კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 8 ლილოს ბაზრობის წყაროა. 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება.
24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სულ კორონავირუსის ინფიცირებულია – 1104 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია – 912; გარდაცვლილია – 16; კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 936: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.