გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა საკარანტინო პირობების გამკაცრება მოხდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა.
“მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სოფლების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე,” აცხადებს გახარია.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე მუშაობს, გახარიას თქმით, ასეთ ზონებში კონტროლი გამკაცრდება.
ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდება კონტოლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. შერჩევით ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, ამიტომ სოფლებში მოსახლეობის ფართო ტესტირება დაიწყო.