გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, პატარ-პატარა ფურცლებიც ნახეს მინაწერებით, რომელიც “ყოველდღიურ წერილებს ჰგავს.”
ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ ფურცელზე ეწერა: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”.
რამიშვილი აღნიშნავს, რომ გასარკვევია ვის მიმართაა დაწერილი აღნიშნული წერილები.
“ძალიან ბევრი პატარა წერილია, პატარა ფურცლებია, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, გამოიყენეთ ანაბარზე თანხა, ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, – აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.