ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ირაკლი ოქრუაშვილს იმის ზრდილობაც არ აქვს, ბოდიში მოიხადოს” – სოსო რობაქიძე

ირაკლი ოქრუაშვილს იმის ზრდილობაც არ აქვს, ბოდიში მოიხადოს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

რობაქიძე მისი შვილის მკვლელობის გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმე ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან გაყალბებულია.

“ბოდიშს მაშინ იხდიან, როცა უჭირთ. ოქრუაშვილი რომ გამოვიდეს, დღესაც აღიაროს, იქნებ რამე ეშველოს, მაგრამ არ იტყვის, მაგის კაცი არაა….ბუტა ისეთი ბავშვი იყო, 10-11 საათზე სახლში იყო, მორიდებული ბიჭი იყო, ვარჯიშობდა, სწავლობდა. ბიჭებმა გამოუარეს, დიღომში დატოვეს…10-ს აკლდა წუთები, იამ რომ დამირეკა, ბუტა არაა სახლში მოსულიო. ჩავედი კეკელიძის ქუჩაზე და ვნახე, რომ რაღაც თავშეყრა იყო. ნიღბიანი პირებიც იყვნენ. ავედი სახლში და კარზე აბრახუნებენ ძლიერად. როდესაც შემოვიდა გამომძიებელი, რამდენიმე ნიღბიანი შემოყვა. დაიწყეს ჩხრეკა, ამოაყირავეს მთელი სახლი, მე არც ვიცოდი თუ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო. დავურეკე პოლიციის უფროსს, დათო იაშვილს და ვეკითხები რა ხდება, რატომაა ჩხრეკა-მეთქი, მითხრა საჭიროაო და ყურმილი დამიკიდა.

მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა ბუტა დაჭრილია და საავადმყოფოშიაო. ერთი ვიცი, რომ დაჩეხილი იყო ჩემი შვილი და სიმართლე არ თქვა არავინ. მე როდესაც 11 თვის შემდეგ გამატანეს ჩემი შვილის “კურტკა”, ჩემთვის დამთავრდა გამოძიება და რომ ამბობენ ბაშალეიშვილს გაუვარდაო. ამ კასეტას დონაძე დიდი ხანი მალავდა.

ერთი რამ მიკვირს, ორი წელი დამნაშავეს ეძებდნენ და პოლიციელმა, რომელმაც ტაბელური იარაღით მოკლა ჩემი შვილი, ცხრა თვე პოლიციაში ამუშავეს. დაბლოკილები ვიყავით, გვაფურთხებდნენ, არავინ არ გვაშუქებდა, ერთი მახსოვს, “პირველი არხის” გოგო იყო მაშინ, გააშუქა და მერე მგონი, საერთოდ გააგდეს ის გოგო სამსახურიდან. ბაშალეიშვილმა როცა გაისროლა და მოკლა, იმ წუთშივე უნდა დაედოთ ხელბორკილი”, – განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იტვირთბა....