დაზიანებების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, შაქარაშვილი, სავარაუდოდ, ცოცხალი იყო – ამის შესახებ, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს.
მისივე თქმით, სიცოცხლისდროინდელი ტრავმები გვამზე არ ტოვებს კვალს, იმისთვის, რომ დაზიანებებმა დატოვოს მოლურჯო ფერი, ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი.
„ვისაც ჰქონია მიცვალებულთან შეხება, შეუძლია თქვას, რომ გვამზე სისხლნაჟღენთები არ წარმოიქმნება. სიცოცხლისდროინდელი ნაჟღენთები განვითარებას და დინამიკას ვერ პოვებს გვამზე. როცა ვსაუბრობთ სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებზე და მათ ფერზე, ფერი არის მოლურჯო-მოიასამნისფრო – ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 24 საათის წინ არის მიღებული ეს დაზიანებები. საშუალოდ 24 საათი ეს ადამიანი ცოცხალი იყო.
არის აღწერილი სათვალის სიმპტომი, თავ-ზურგ ტვინის სითხის შემღვრევა. გვაქვს ეჭვი, რომ იყო კრუნჩხვითი მოვლენები – ეს მიუთითებს, რომ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ, ფუძის დაზიანებასთან. ეს დაზიანება უნდა იყოს ტომოგრაფიით დადასტურებული”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
ასევე, მარიამ ჯიშკარიანმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.
ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს – იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღენიშნებოდეს.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.