მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება საქართველოში მუშაობით ჩანაცვლდება – ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმების ახალ შესაძლებლობას აჩენს ის, რომ სოფლის მეურნეობის დარგში სამუშაო ძალის საჭიროება ჩნდება.
„სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაო ძალის ორგანიზებულად გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად ხდება, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენა მოხდეს.
ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას ახდენს, განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც სეზონური დასაქმების საშუალებებია.
ვხედავთ, რომ ძალიან ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავება, ატმის კულტურას ეხებოდა ეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება ქვეყნის ყველა კუთხეში. მოსავლის აღების და დაბინავების ძალიან ინტენსიური სეზონი გვექნება კახეთში, რაც უკავშირდება რთველს.
ამის შემდეგ სამუშაო ძალის საჭიროება შიდა ქართლში გვექნება. ჩვენი მოლოდინით მოსავლის წარმატებით დაბინავება გვექნება, იგივე, თხილის კულტურაში და მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით.
ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში ბოლო წლებში მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ გაზრდილია,“ – განაცხადა დავითაშვილმა.