ქუთაისში 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი ბრალდებულთან მეგობრობდა.
“ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ სახლში არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო” – განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ.
სოციალურ ქსელში, ადვოკატმა ლევან ჭელიძემ სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, რომ ჩეჩელაშვილი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.
ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.