19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანრე გეჯაძე “პოს ტვ-ის” ეთერში უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქალბატონი შეცდომაში შეიყვანეს.”
როგორც გეჯაძემ აღნიშნა, რაზეც უკრაინელმა ექსპერტმა ისაუბრა სიცრუეა.
“რაც მან ისაუბრა ეს არის სრული სიცრუე. ამის მიზეზი მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ ეს ქალბატონი შეცდომაში შეიყვანეს, რამეთუ ვინ უთარგმნა, რა ნაწილები უთარგმნა ამ საექსპერტო დასკვნის. ცალსახაა, რომ ქალბატონი ამბობს, გაეცნო დასკვნას და ბრძანა ნაადრევ გვამურ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატულია გვამური გაშეშებაო და რაც შეეხება მოგვიანებით ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონდაო. არც გვამის აღმოჩენის ოქმში და არც სასექციო მაგიდაზე გვამის გაკვეთის პროცესშიო. ანუ იყო ნაადრევი გვამური მოვლენები ლაქების სახით, გვამური ლაქების სახით და გაშეშების სახით.
რაც შეეხება დასკვნას წერია, რომ გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზემო კიდურები დაფარულია, მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობითი ბადით. ეს არის ლპობითი პროცესების უტყუარი ნიშანი. რაზეც ქალბატონი ამბობობს, რომ ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონია და შემდეგ ოქმი მთავრდება შემდეგი ჩანაწერით: გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში, ეს მან წაიკითხა, მაგრამ ის აღარ წაუკითხია, რომ ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონდა”, – აცხადებს გეჯაძე.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.