ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს მოგების ნაკლები შანსები აქვთ და ამომრჩეველი ხმას ისევ მმართელ პარტიას მისცემს. ამის შესახებ ანალიტიკოსმა “მეტრონომთან” მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
“ზოგადად, იმ 6 ოლქიდან, სადაც ოპოზიციამ თავის კანდიდატები დაასახელა, მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს ვაკეში ელენე ხოშტარიას. გლდანში მელიასა და კობიაშვილის შანსები არის 50-50-ზე, დანარჩენ ოლქებში, ჩემი აზრით, უპირატესობა ხელისუფლებას აქვს. ახლა არ ვიცით, საბურთალოზე ოპოზიციია ვის დააყენებს, თუ აქ იქნება ჩარკვიანი, არა მგონია, რომ ჩარკვიანმა მოუგოს სერგეენკოს. არ ვიცით ასევე, რა იქნება დიდუბე-ჩუღურეთში და ვინ იქნება ვოლსკის მეტოქე. მაგრამ, მიმაჩნია, რომ სახელისუფლებო კანდიდატები მოიგენებ მეტწილად. აი, ეს რეალობაა თბილისში,”- აცხადებს ძაბირაძე.
ძაბირაძის თქმით, მოსახლეობაში ხელისუფლებას 40%-ზე მეტი უჭერს მხარს, რაც მმართველ გუნდს თავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.
“ბოლო კვლევებით, 56% თვლის, რომ კარგი იქნება, ხელისუფლება შეიცვალოს, ანუ, 44% თვლის, რომ არ შეიცვალოს. ეს 44% თავისუფლად ჰყოფნის “ოცნებას”, რომ დააკომპლექტოს მთავრობა. თან თუ ჩავთვლით იმასაც, რომ მაჟორიტარულ 25 ოლქში მაინც მოიგებენ,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ახლა ოპოზიციის კანდიდატებისთვის ყველაზე სუსტი წერტილი ისაა, რომ მათ ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანება უნდა შეძლონ.
“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციას პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა.