ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუფე ნიკოლოზი გათახსირების უმაღლეს მწვერვალზე ავიდა” – ბასილ კობახიძე

ყოფილმა სასულიერო პირმა და თეოლოგმა ბასილ კობახიძემ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გააკრიტიკა. მეუფემ ლუკა სირაძის საქმეზე საუბრისას თქვა, რომ თუ დამტკიცდება, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, მაშინ გარდაცვლილს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ.

ამის საპასუხოდ ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

“პირველ რიგში ქრისტიანებმა, მრევლმა უნდა გაახილოს თვალი და დაინახოს რომ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გათახსირების უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. მისი განცხადება თხუთმეტი წლის ლუკა სირაძეზე: ”თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა.

პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება”. თუ მეუფე ნიკოლოზს ეს ნაძირლობა შერჩა და ეკლესიის წევრების რისხვა არ დაატყდა თავზე, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება დანაშაული ღვთის წინაშე” – წერს ბასილ კობახიძე.

ცნობისათვის, ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

იტვირთბა....