ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ლუკა სირაძის საქმეზე თუ დამტკიცდება, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, მაშინ გარდაცვლილს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ და არც წესს აუგებენ. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ გარკვეული ინსტრუქციების მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ ჩვენ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა.
პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავეს, ეს ლუკა სირაძის სულის ბედია. ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ცნობისათვის, ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა აქვს შეფარდებული.
15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.