იურისტ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილი ცემის შემდეგ, სადმე გადაიყვანეს, რათა მისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხდა, ის წყალში დაახრჩეს. მისი თქმით, თუ ეს ვერსია რეალობას შეესაბამება, მაშინ საქმეში გაცილებით მეტი ფიგურანტი გამოიკვეთება და დამნაშავეთა წრე გაიზრდება. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა გადაიყვანეს სადღაც სხვა ადგილას. შესაძლოა ტარდებოდა რაღაც გარკვეული ღონისძიებები, იმისთვის, რომ იქნებ გამოეყვანათ მდგომარეობიდან. როცა დაინახეს, რომ შეუძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, უკვე დაახრჩეს.
“პროკურატურა თუ გამოძიება ჩემი აზრით ხელს აფარებს აბსოლუტურად ყველაფერს. მათ შორის იმასაც, რომ გიორგის მიაყენეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში დაზიანებები, ამიტომ მოუწიათ მისი გადაყვანა სადღაც, შეიძლება ექიმთანაც, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ვიღაც არის ჩაბმული – მანქანა და მძღოლი, რომელმაც ის გადაიტანა, ვიღაც ადამიანები, რომლებმაც ის აწიეს და გადაიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხალი, ვიღაც ხალხი რომელიც, სავარაუდოდ, თავზე ადგა და ბოლოს ვიღაც ხალხი, რომლებმაც ეს 2-ფაზიანი მკვლელობა დაასრულეს” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძე.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.