ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები შეირჩნენ მხოლოდ ერთი პრინციპით, რომ შეასრულონ მიცემული დავალება. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” მმართველი პარტიის მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდოდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატებს არანაირი პოლიტიკური ფუნქცია გააჩნიათ და მათი მოვალეობა მხოლოდ “პულტზე ხელის დაჭერა” იქნება.
“მე კანდიდატებზე კომენტარს არ ვაკეთებ, აზრი არ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, ვის წარადგენდნენ. ამ არჩევნებზე, ყველგან კენჭს იყრის არა ის ადამიანი, ვინც დასახელებულია, არამედ ბიძინა ივანიშვილის რესურსები და პლიუს გახარიას ავტორიტეტი. აი, რა აზრი აქვს ადამიანებზე საუბარს, რომლებსაც არც პოლიტიკური ამბიციები აქვთ, არც არაფერი, უბრალოდ პულტზე ხელის დამჭერებად შეიძლება გამოადგეთ. ან როდის იყვნენ მაჟორიტარები დამოუკიდებლები, ახლა რომ იყვნენ. არც არასდროს ყოფილან და არც ახლა აპირებენ ყოფნას.
აარჩიეს იმ რაღაც პრინციპით, რა რით, რა მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი არიან ადამიანები, რომლების ფუნქცია ის კი არაა, რამე აკეთონ, მათი ფუნქციაა, რასაც ეტყვიან, ის გააკეთონ. ვინც ამ ინსტუქციაზე ხელს აწერს, იქიდან აარჩიეს ის კანდიდატები,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციას პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა.