ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის…” – გვარამია

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, “მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ისინი პერსონალურად არავის არ ემსახურებიან და შაქარაშვილის საქმეზე უბრალოდ სიმართლის დადგენა სურთ.

“ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით – ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგით. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირვებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”.

გვიყურეთ კვირას, მთავარ აქცენტებში” – წერს ნიკა გვარამია.

დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმაც გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....