ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა, ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო” – შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ლუკა ბეჟანიშვილი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმის სახით გამოკითხული ლუკა ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიის დღეს წვეულების მონაწილე ვახტანგ ახვლედიანმა დაურეკა და ადგილიდან წამოყვანა სთხოვა.

“ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა, ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა”, – აცხადებს ლუკა ბეჟანიშვილი.

როგორც ბეჟანიშვილმა აღნიშნა, ადგილზე 3 მანქანა იმიტომ მივიდა, რომ მათ 6 ადამიანი უნდა წამოეყვანათ.

„6 კაცი იყო და წასვლას ელოდებოდნენ, ლისზე უნდა ამოსულიყვნენ. სამი მანქანაც იმიტომ არის წასული და ერთში იჯდა მხოლოდ 4 კაცი – კოკო და გუგა წაყვნენ, რომ ადგილი ეჩვენებინათ და დანარჩენი 2 მანქანა, იმიტომ, რომ ეს 6 კაცი ჩატეულიყო შიგნით. ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ 3 საათით დამდგარიყვნენ და ეძებათ, იქ კიდევ რამე რომ მომხდარიყო, ყველანი „შარში უნდა გახვეულიყვნენ“. როგორც შეძლეს, მანქანიდან ეძახდნენ, ვინც იპოვეს წამოიყვანეს, ვისთანაც ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია, დანარჩენებს ტელეფონი არ ჰქონდათ და ვერ მიაგნეს,“ – განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....