რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწავლების ფარგლებში უნდა შეფასდეს ჯარის შესაძლებლობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, სადაც „სერიოზული ტერორისტული საფრთხეები არსებობს“ და ასევე დაიწყოს მზადება „კავკასია-2020“-სთვის, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.
სერგეი შოიგუს თქმით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით ჩატარდება სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.