სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლუკა სირაძის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენი, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება, ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს,
ლომჯარიას ტქმით, მისი აპარატურაში ამ საქმის მასალების შესწავლიდან გამოიკვეთ რა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებიც, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში.
“რადგან ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში. ასევე, ჩვენ შევისწავლით როგორი იყო შიდა ინსპექციის რეაგირება შსს-ში იმიტომ, რომ როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე ვიცით, ბავშვის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც,”- აცხადებს ომბუდსმენი.
ლომჯარიას თქმით, ასევე, შესაძლებელია ამ საქმეში ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევასაც, რადგან არის გარკვეული ეპიზოდები, როდესაც შეცვლილია ჩვენებები.
“ასევე, ვფიქრობთ, საქმის მასალებში იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით იყო გამოძიების მისამართით, რომ ეს ვერსია და ბრალის წარდგენის შესაძლებლობა განეხილათ. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის განაჩენი ბევრ რამეს გასცემა პასუხს, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით ვნახავთ, სასამართლო გაიზიარებს თუ არა ამ არგუმენტებს და დაადგენს თუ არა, რომ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა,”- აცხადებს ნინო ლომჯარია.
ამასტან, სახალხო დამცველის განცხადებით, არის სხვა პირების მხრიდან გადაცდომები თუ სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით კვალიფიკაცია დადგენილი არ არის.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.