თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გენერალური გეგმით ნაკარნახები სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიიღო – კონკრეტულ არეალებს დროებითი შეზღუდვები მოეხსნა და მესაკუთრეებს, შესაბამისი პირობების დაცვით, მიწის ნაკვეთების განვითარების საშუალება მიეცათ.
„დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დავამტკიცეთ თბილისის გენერალური გეგმა, სრულიად განსხვავებული ზონირება, მაგრამ ამის პარალელურად 12 არეალზე დაედო დროებითი შეზღუდვა და მუნიციპალიტეტს მიეცა მითითება, რომ ჩამოეყალიბებინა განვითარების სწორი მიდგომა. ეს 12 არეალი სხვადასხვა კუთხით წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილებს. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ ადგილზე ჩატარდა კვლევა, ზოგიერთ ადგილზე გაკეთდა შეფასებები, დავიქირავეთ პროფესიონალი თანამშრომლები და წელიწადნახევრის თავზე დავასრულეთ საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები, რომელიც გვიკარნახა გენერალურმა გეგმამ. შესაბამისად, ცალკეულ არეალებთან მიმართებით მივიღეთ გადაწყვეტილებები შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნის თაობაზე, ასევე, ნაწილს ზონების ძველი ფორმატი დაუბრუნდა. ამ ყველაფერს აკრიტიკებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც პროფესიონალიზმი აკლიათ ურბანულ გეგმარებაში და ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. წელიწადნახევრის განმავლობაში მერიის რამდენიმე სამსახური მუშაობდა აღნიშნულ თემაზე ექსპერტებთან ერთად და მივიღეთ სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები. საერთოდ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ამ ყველაფერს კარგად შეაფასებენ თუ ცუდად. ჩვენთვის მთავარია, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები იმ არეალებში, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო, სწორი განვითარების პირობების ჩამოყალიბების მიზნით. მოვხსენით შეზღუდვები და მივეცით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილს საშუალება, განავითარონ თავიანთი მიწის ნაკვეთები კონკრეტული პირობების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.