ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარადიული მინისტრი უნიტაზის მოოქროებამდე უნდა გადადგეს

დემოკრატიულ ქვეყნებში შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივი ვადით ხელისუფლების არჩევით ჩინოსნები ირყვნებიან. ჩინოსნების რყვნა ისახება მართვის ხარისხზე. მართვის ხარისხის დაცემა პირდაპირ ურტყამს სისტემას და ინსტიტუციებს. იწყება ინსტიტუციების პოლიტიზება. მარტივად რომ ვთქვათ, ძალაუფლებით ტკბობა საფუძველს უყრის ავტორიტარიზმს.

ასე რომ, როცა ერთი და იგივე პერსონა წლებია მართავს ერთსა და იმავე სამინისტროს, ჩნდება ცდუნება სავარძელი უფრო დაარბილოს იმისთვის, რომ ერთმა ადგილმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ავტომატურად, მაგრდება, მყარდება და რიგ შემთხვევებში კრიმინალიზდება საცეცებიც, რომლებიც მეტასტაზივით ედება და ალპობს ირგვლივ ყველაფერს, რაც არ მოგწონს და ხელს გიშლის. მერე ჩნდება სურვილი, მაგალითად, კაბინეტში სველი წერტილის ყველა ატრიბუტიკა მოაოქროო და შექმნა შენი მინი სამყარო, საიდანაც ყველაფერი ფერადია. ბოლოს გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერში მართალი ხარ და ჭეშმარიტება შენი კაბინეტიდან იწყება. საბოლოოდ, იკარგება განცდა აღიარო, რომ რაღაცაში შეცდომას უშვებ.

თეა წულუკიანი 2012 წლიდან მინისტრია. მისი სავარძლის შერყევა ერთხელ უკვე სცადა ივანიშვილმა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ყოვლისშემძლე პოლიტიკურმა აქტორმაც“ კი ვერაფერი შეძლო. მაშინ, წულუკიანის მხრიდან იყო ირიბი ულტიმატუმი და საუბრები, რომ მან ისეთი რაღაც იცის, მთავარ სოლოლაკელს მისი მოსროლა გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა. წულუკიანი მარადიულ მინისტრად მოგვევლინა. უნიტაზი მოოქროსფერდა.

პარლამენტის გუშინდელი ინიციატივა რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც უკვე თქვეს ანტიკონსტიტუციურია, ინსპირაცია გამოდგა წულუკიანისთვისაც ერთი ხელის მოსმით მიეღო გადაწყვეტილება და უცხოელებისთვის აეკრძალა ქვეყანაში სანოტარო საქმიანობა. ანუ, წულუკიანმა ბიზნესს უთხრა, 2021 წლამდე არ იმუშაოთო. არადა, ამას წინ უსწრებდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უცხოელს მიეცა უფლება შემოვიდეს ქვეყანაში. ადამიანი შემოვიდეს ქვეყანაში და არ ჰქონდეს ნოტარიული საქმიანობის უფლება? ეს როგორ? რაღატომ უშვებთ მაშინ? ფული მარტო სასტუმროში რომ დახარჯოს? ამ კითხვას ვინმე გასცემს პასუხს იუსტიციის სამინისტროში, ან რომელიმე მედასავლეთე ორიენტაციის, ან ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდამჭერ ხელისუფლებაში? დარჩა მსგავსი პერსონა საერთოდ მთავრობაში?

თავისი გადაწყვეტილებით წულუკიანი კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც პლინტუსამდე დასულ ეკონომიკურ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, რეალურად, ომს უცხადებს საკუთარ ხალხს.

ომი უკვე დაანონსდა. კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც უცხოელ კლიენტებზე მუშაობენ გამოწვევას იღებენ და უკვე მასობრივი სოლიდარობით აპირებენ სტრასბურგამდე მისვლას. წულუკიანს საერთაშორისო არენაზე სასამართლო პროცესები წაგების გამოცდილება არ აკლია. ფაქტია, მას ახლაც მოუწევს აგოს პასუხი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ავნებს არა მხოლოდ ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას, არამედ უცხოელ მოქალაქეებსაც კი. არაა გამორიცხული, მარადიულ მინისტრს სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწიოს, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური კუთხით.

როგორც მაღლა აღვნიშნე, მარადიული მინისტრის კაბინეტიდან ქვეყანა მდიდრულად მოჩანს, გაღატაკებული ადამიანები ბედნიერი სახეებით დადიან ქუჩებში, ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი ყვავის, მაგრამ… მინდა შევახსენო მინისტრს, გაიხსენოს რა ბედი ეწია მოოქროვილი სველი წერტილის უკრაინელ მეპატრონეს, რომელმაც თავის დროზე ვერ იხმარა ჭკუა, მიეღო გადაწყვეტილება გადადგომაზე.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....