საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დავით ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. 30 აპრილს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა.