ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან მინდა, ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს ისე გიპასუხოთ” – თალაკვაძე ხათუნა გოგორიშვილს

ძალიან მინდა, ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს ისე გიპასუხოთ, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ხათუნა გოგორიშვილს მიმართა.

მანამდე გოგორიშვილმა არჩილ თალაკვაძეს უთხრა, რომ მას საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟზე მეტად პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი აინტერესებს.

„ახლა არის ის პერიოდი, როდესაც არ გადარდებთ არც პარლამენტის პრესტიჟი, არც ქვეყნის პრესტიჟი, არც ქვეყნის საერთო მდგომარეობა. ახლა ამ რიგგარეშე სხდომების პერიოდში არის მოსწრების პერიოდი, როდესაც ყველაფერი, რაც კი გჭირდებათ, უნდა მოასწროთ. თუ საჭირო გახდება, სადღაც რაღაც შეზღუდვები ჩაირთოს და ა. შ. ბატონო არჩილ, თქვენ გულის სიღრმეში გაწუხებთ პარლამენტის პრესტიჟი, მაგრამ ამაზე უფრო მაღლა დგას სავარძელი,“ – მიმართა გოგორიშვილმა თალაკვაძეს.

თავის მხრივ, მას არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

„ძალიან მინდა, ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს, ისე გიპასუხოთ, უბრალოდ ჩემს პოზიციას პატივს ვცემ და თავს უფლებას არ მივცემ, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, რაც თქვენმა მეხსიერებამ შეგახსენათ. ზუსტად 2 წუთში შემიძლია, რომ თქვენ თვითონვე იმისგან განსხვავებული პასუხები თქვათ, რასაც ახლა ამბობდით,“ – მიმართა თალაკვაძემ მას.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

იტვირთბა....